English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძენინო გომელაურივლადიმერ სულაბერიძეიოსებ არჩვაძე
პანდემიის სტარტის კორონასოციოლოგიური და კორონაეკონომიკური შედეგები საქართველოში

„სასწრაფოდ უნდა გადავხედოთ ჩვენს შეხედულებებს მსოფლიოს შესახებ“.

ალბერ კამიუ „შავი ჭირი“. 

ანოტაცია.სტატიაში განხილულია პანდემოლოგიის დარგების პანდემიის სოციოლოგიის და ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული სოციოლოგიური და ეკონომიკური გამოკვლევის შედეგები საქართველოში კორონა ვირუსის საწყისი ეტაპის მიხედვით. მოცემულიაპანდემიის საფრთხის შესახებ მოსახლეობის ცოდნის და რისკების აღქმის ფონზე თვითმოვლითი ქცევის პრევენციული ქცევის დონე.გაანალიზებულია პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების პირობებშიმოსახლეობის თვითმოვლითი და ეკონომიკური ქცევის შედეგები.

საკვანძო სიტყვები:პანდემოლოგია, კორონა სოციოლოგია, კორონა ეკონომიკა, პანდემიის საფრთხე, თვითმოვლითი ქცევა.

შესავალი. სტატიის ძირითად თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძველს სოციოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკური ანალიზის მეთოდებთან ერთად წარმოადგენს რეგიონალიზმის, პანდემოლოგიის ზოგადი თეორიისდა მის ცალკეული დარგებისმეთოდები. საქმე ისაა, რომ პანდემოლოგიის, როგორც ინტერდისციპლინალური მეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა (დარგთა) სისტემაში შემავალი მეცნიერული დისციპლინების (დარგების) როლი ურთიერთგანსხვავებულია და წარმოგვიდგებიან შესაბამისი დარგის სახელით. მაგალითად, პანდემიის ეკონომიკა, სოციოლოგია, დემოგრაფია, ფსიქოლოგია, გეოგრაფია და ა.შ. აღნიშნული შესაძლებლობას გვაძლევს ცალკეული დარგებისა და პერიოდების მიხედვით გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ, როგორც საერთო, ასევე თითეული პანდემიის თავისებურებანი და შევიმუშაოთ მომავალში მოსალოდნელი პანდემიის და ეპიდემიის მართვის პრევენციული ღონისძიებები [სულაბერიძე ა., 2021:41]. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პირობებში, როდესაც პანდემიის, როგორც გლობალიზაციის საზღაურის [Папава В., 2020] წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ გამოიწვია გლობალური ძალების გაერთიანება. რამდენადაც მისი კვლევის ობიექტი ცალკეულ პერიოდებში წარმოქმნილი ცალკეული პანდემიებია, მათი ფუნდამენტურად და ყოველმხრივ შეწავლის მიზნით, თითოეულს უნდა მივაკუთვნოთ მოცემულ პერიოდში არსებული პანდემიის სახელწოდება. გარდა ამისა, პანდემიის სახელის მითითება ხსნის გარკვეულ გაუგებრობას თუ პანდემიის რომელ სახეს მიეკუთვნება მოცემული დარგობრივი კვლევა. საქმე ისაა, რომ პანდემიის ცალკეული დარგების (პანდემიის ეკონომიკა, პანდემიის სოციოლოგია და სხვ.) მიხედვით კვლევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ზოგადია და მოიცავს სხვადასხვა დროს არსებულ პანდემიათა ერთობლიობას, ხოლო პანდემოლოგიის დარგზე პანდემიის სახელწოდების მინიჭება აკონკრეტებს არსებული პანდემიის სახეს.

ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური მეცნიერების დარგში საინტერესოა შრილანკელი პროფესორის აჯით დე ალვისის მიერ შემოტანილი ახალი ტერმინი „კორონომიკსი“ და მოგვიანებით გამოჩენილი სხვა მსგავსი ტერმინი – „კორონანომიკა“ [პაპავა ვ., 2020] და ქართველ მეცნიერთა შორის გამოყენებული ტერმინი „კორონაეკონომიკა,“ რომელთა მიზანია კორონავირუსის პერიოდში და მის მომდევნო პერიოდში ეკონომიკური პრობლემების შესწავლა მათი გამოყენებით.

პანდემოლოგიის ზოგადი თეორია რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: როგორ განვითარდება პანდემია და რა რისკები და საფრთხეებია მოსალოდნელი? განსაზღვროს განმეორების პერიოდებულობის და მუტაციის პროგნოზი, რა და როგორი უნდა იყოს მასთან ბრძოლის მენეჯმენტის ფორმატი? პანდემიის „ტყვეობის“ პირობებში როგორ განვითარდება ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა და სხვ.

გამოკვლევის ზოგადი შედეგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა 5-15 ოქტომბერს ჩაატარა მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ინფორმირების, და სოციალური(თვითმოვლითი) ქცევის დონესთან ერთად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შესწავლა. შერჩეულ იქნა შემდეგი ქალქები: თბილისი (დიდი ქალაქი), ქუთაისი (საშუალო ქალაქი), ბათუმი (საკურორტო) და ხაშური (პატარა ქალაქი). ამასთან, შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა იმ დროისთვის კონორა ვირუსის გავრცელების დონე, რის შედეგადაც 500 რესპოდენტიდან თბილისში გამოკითხულ იქნა 250, ქუთაიში – 150, ხოლო ბათუმში და ხაშურში – 50-50 რესპოდენტი. კორონა ვირუსის რისკის გათვალისწინებით, რესპოდენტები შერჩეულ იქნა სამი გამსხვილებული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: 21 წლამდე – 20.4%, 21-60 წლისა – 58.5% და 60 წლის ზემო ასაკებში – 21.1%. გამოკითხულთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ –57.7%. გამოკითხვა ანონიმური ხასიათის იყო და დაცული იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები (დისტანციის დაცვის და პირბადის აუცილებლობა).

სოციოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო იყო რესპოდენტთა თვითმოვლითი ქცევა და შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონა ვირუსის პირობებში. მათი ჯანმრთელობა ხუთბალიანი სისტემით თვითშეფასების საფუძველზე შეფასდა საშუალოდ ოთხი ბალის დონეზე (თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, 3.94 ქულის დონეზე). ამასთან, თბილისსა და ბათუმში რესპოდენტთა ჯანმრთელობის თვითშეფასების საშუალო ქულა თანაბარი იყო - 3.94-3.94, ქუთაისში იგი შეადგენდა 3.97-ს, ხოლო ხაშურში - 3.56-ს).

ცხრილი1.     რესპონდენტთასაკუთარი ჯანმრთელობის თვითშეფასებახუთბალიანი სისტემით(%)

 

თვითშეფასება ხუთბალიანი სისტემით

1

2

3

4

5

სულ გამოკითხულთაგან

2.4

7.5

18.2

37.4

34.4

მამაკაცი

2.5

7.0

18.9

40.7

30.9

ქალი

2.4

8.1

17.2

33.0

39.2

გამოკითხულთა თითქმის მესამედს (32.8%) აწუხებდა ესა თუ ის ქრონიკული დაავადება (ქალებში რამდენადმე უფრო მაღალი დაფიქსირდა აღნიშნული მაჩვენებელი – შესაბამისად, 34.7% და 30.1%), დანარჩენებისთვის, საბედნიეროდ, ამგვარი სიმპტომი არ იყო დამახასიათებელი.ამ მხრივ ყველაზე ჯანმრთელად თავს ბათუმელი რესპოდენტები მიიჩნევდნენ – მათგან მხოლოდ 22 პროცენტი აცხადებდა, რომ არ აწუხებთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება. ეს მაჩვენებელი დაბალია: დაახლოებით 1,5-ჯერ – დედაქალაქის საშუალო მაჩვენებელზე (33%) და 2.3-ჯერ – ხაშურის მაჩვენებელზე (50%).

რესპოდენტთა 9/10 თვლიდა, რომ საქართველოში კორონა ვირუსის საფრთხე სერიოზულია. მათ შორის 35.8%-ის აზრით, საფრთხე ძალიან სერიოზულია და მხოლოდ 9.5% მიიჩნევდა, რომ საფრთხე არ არის სერიოზული. საფრთხის აღქმა რამდენადმე უფრო მაღალი აღმოჩნდა ქალებში მამაკაცებთან შედარებით.ქალების 77.5 პროცენტი მიიჩნევდა, რომ საფრთხე სერიოზული ან ძალიან სერიოზული იყო; მამაკაცებში ასეთი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 66.0 პროცენტში შეინიშნა. საფრთხის ნაკლებად სერიოზულობასა და არასერიოზულობაზე აპელირებდა ქალთა მხოლოდ 22.5 და მამაკაცთა - 34.0 პროცენტი.

ქალები ასევე მამაკაცებზე უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი კორონავირუსის სიმპტომებზე. ქალებში მათი წილი, ვინც არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ვირუსის სიმპტომზე, 2.1-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა მამაკაცების მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, 5.6% და 12.0%). კორონავირუსის სიმპტომებზე ყველაზე უკეთ ინფორმირებულნი იყვნენ ბათუმში (100%), ყველაზე ნაკლებად – ხაშურში (84.0%). ამ ქალაქში მათი რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, თუ რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს, თითქმის ორჯერ აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს ქვეყანაში (შესაბამისად, 16.0% და 8.4%). ამასთან, კორონავირუსის შიში ქრონიკული დაავადების მქონეთა შორის 1.7-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა იმათთან შედარებით, ვისაც ამგვარი ტიპის დაავადება არ ახასიათებდა (შესაბამისად, 84.6% და 49.1%).

მოსახლეობის გამოკითხვამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მაღალი კორელაცია კოვიდ-19-საგან მომავალ საფრთხის აღქმასა და ინფექციონისტების მიერ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების დონეთა შორის. ვინც აღნიშნულ საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამდა, მათგან 97.2% იცავდა მედიკოსების რეკომენდაციებს, ხოლო მათ შორის, ვინც საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამდა, აღნიშნულ რეკომენდაციებს ითვალისწინებდა მხოლოდ 38.3%.

ცხრილი 2. რესპოდენტთა დამოკიდბულება ინფექციონისტების რეკომენდაციებზე

მათგან, ვინც თვლის, რომ კოვიდ-19-ისაგან მომავალი საფრთხე:

ინფექციონისტების რეკომენდაციებს იცავს:

მუდმივად ან ხშირად

იშვიათად ან საერთოდ არ იცავს

ძალიან სერიოზულია

97.2

2.8

ნაკლებად სერიოზულია

72.7

27.3

სერიოზულია

93.4

6.6

არ არის სერიოზული

38.3

61.7

რესპოდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ჰქონდა მედიკოსების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, აქაც სამედიცინო-ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვის მხრივ ქალები უფო მეტ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და დისციპლინას ამჟღავნებდნენ მამაკაცებთან შედარებით. ინფექციონისტების რეკომენდაციებს საერთოდ არ იცავდა ან იშვიათად იცავდა ქალების მხოლოდ 9.1 პროცენტი და მამაკაცების 20.8 პროცენტი (საშუალოდ – 14.1%). ამასთან, რესპოდენტთა საახლობლოში (ოჯახის წევრი, ახლობელი, ნაცნობი) ვინც არ იცავდა მედიკოსების რეკომენდაციებს, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ჯერ მაღალი იყო იმათთან შედარებით, ვინც იცავდა მედიკოსთა რეკომენდაციებს.

მართალია, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლიდა, რომ იცავდა იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევიან ინფექციონისტები (96.2%), მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარი ახორციელებდა ამას მუდმივად, რაც ასევე უნდა ჩაითვალოს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად. ამასთან, აღნიშნული სახის რეკომენდაციების მუდმივად დამცავი რესპოდენტების წილი ქრონიკული დაავადების მქონეთა შორის 1.7-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დაავადების არმქონეთა შორის (შესაბამისად, 64% და 38%; საშუალოდ – 46%). ამ შემთხვევაშიც ქალები გაცილებით პასუხისმგებლიანად ეკიდებოდნენ ექიმების რეკომენდაციებს– მათში ამ რეკომენდაციების უგელვებელყოფის დონე 2.1-ჯერ უფრო დაბალი აღმოჩნდა მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რესპოდენტები ძირითადად გათვითცნობიერებულინი არიან კოვიდ-19-ის სიმპტომებზე. გამოკითხულთა 91.7% თვლიდა, რომ იცის კორონა ვირუსის სიმპტომები და მხოლოდ 8.3% მიიჩნევდა, რომ არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და ინფორმირებულობა.

გამოკითხული პირების აბსოლუტური უმრავლესობა (92.1%) სისტემატურად ეცნობოდა მონაცემებს ქვეყანაში კორონა ვირუსით დაავადებულთა რაოდენობაზე. მიუხედავად ამისა, რესპოდენტთა მხოლოდ 3/5 აღიარებდა, რომ გააჩნია შიში კოვიდ19-ის მიმართ (60.8%), მაშინ როდესაც 17.8% თვლიდა, რომ გაზვიადებულია ინფორმაცია კორონავირუსის თაობაზე და ამიტომ არ აქვს შიში მის მიმართ. ამის გარდა, გამოკითხულთა კიდევ 1/5ზე მეტი (21.5%) თვლიდა, რომ არ ეშინია ვირუსის იმიტომ, რომ საკუთარ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად მიიჩნევს.

კოვიდ-19-ის მიმართ ასეთი ინფანტილურ და არასერიოზულ დამოკიდებულების მქონე პირთა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელში (გამოკითხულთა 39.3%) უნდა ვეძებოთ მეორე და მესამე ტალღისას საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა სწრაფი ზრდის ძირითადი მიზეზი.

გამოკითხულთა 26.9%-ს ჰქონდა პირდაპირი ან ირიბი შეხება დაინფიცირებულთან. იმის გათვალისწინებით, რომ დაინფიცირებულთა წილი საქართველოს მოსახლეობაში, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 3%-ია, გამოდის, რომ ერთ ინფიცირებულთან არანაკლებ 9 პირს გააჩნდა პირდაპირი და არაპირდაპირი შეხება, რაც ასევე ინფექციის სწრაფი გავრცელების მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ.

გამოკითხულთა 22.1%-ის ინფორმაციით, მათი ახლობელი, ნაცნობი ან ოჯახის წევრი იყო დაინფიცირებული კორონა ვირუსით, რომელთაგან 1/3 ჯერაც დაინფიცირებული იყო და აგრძელებდა მკურნალობას, ხოლო 2/3 – გამოჯანმრთელდა.

ინფექციონისტთა რეკომენდაციებიდან, რესპოდენტები ყველაზე მეტად (ხშირად) ახორციელებდნენ პირბადის ტარებას დახურულ სივრცესა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (დაახლოებით 46.8%); ყველაზე ნაკლებად კი – სოციალური დისტანციის დაცვის (10.2%) და ანტისეპტიკური ხსნარით ხელების დამუშავების (12.6%) რეკომენდაციებს.

რესპოდენტთა 41.5% თვლიდა, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები ზარალის მასშტაბების ადეკვატურია. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 5.9% მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ზარალის მასშტაბებს აღემატება, რაც 6-ჯერ ნაკლებია იმათთან შედარებით, ვინც თვლიდა, რომ გატარებული ღონისძიებები ზარალის მასშტაბებს საგრძნობლად ჩამორჩება. ამასთან, კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონიძიებებს ზარალის მასშტაბების ადექვატურად მიიჩნევდა იმ რესპოდენტთა თითქმის ნახევარი, ვისთვისაც კოვიდ-19 სერიოზული საფრთხის მატარებელია და მხოლოდ 21.5% იმ კონტინგენტისა, ვის მიერაც აღნიშნული გარემოება სერიოზულ საფრთხეს (ან საერთოდ რაიმე საფრთხეს) არ წარმოადგენდა.

რესპოდენტთა 76.7% მიიჩნევდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე წარმატებული ნაბიჯი კორონა ვირუსით ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის დასაძლევად და ანტიკრიზისულ ღონისძიებათა შორის იყო შინამეურნეობათა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება.

ამასთან, პოზიტიური შეფასების დონე მაღალ კორელაციაშია რესპოდენტის დასახლებული პუნქტის ურბანიზაციის დონესთან. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომუნალური ხარჯების პოზიტიურად შეფასების დონე განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა თანამედროვე ურბანულად დატვირთულ თბილისსა და ბათუმში და შედარებით ნაკლებად - ხაშურში (ცხრილი 3).      

ცხრილი 3. შინამეურნეობათა კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისყველაზე წარმატებულ ღონისძიებადმიჩნეული დონე ქალაქების მიხედვით(%) 

 

საქართველო

თბილისი

ქუთაისი

ბათუმი

ხაშური

პროცენტი

90.2

96.1

84.6

97.1

75.0

მეორე ადგილზე წარმატების მიხედვით დგას 17 წლამდე ასაკის ბავშვებზე 200 ლარიანი დახმარების გაწევა (69.4%), ხოლო მესამეზე – უმუშევრად დარჩენილთათვის ფულადი დახმარება (51.4%). იმის გამო, რომ რესპოდენტებს შეეძლოთ რამდენიმე ღონისძიება დაესახელებინათ წარმატებულად, ასეთი ღონისძიებების საერთო ჯამმა 100 პროცენტს საკმაოდ გადააჭარბა.

კორონა ვირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დააზარალა გამოკითხულთა 76.1%; ზარალს გადაურჩა მხოლოდ ყოველი მეოთხე შინამეურნეობა. დასახლებული პუნქტების მიხედვით დაზარალების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ქუთაისში (გამოკითხულთა 9/10-ზე მეტი), ყველაზე ნაკლები – ბათუმში (44.0%).

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მეთხედზე მეტმა კოვიდ-19-ის გამო დაკარგა სამუშაო (27.2%), თუმცა მათზე თითქმის ორჯერ მეტია (53.4%) იმათი რაოდენობა, ვისაც მართალია, არ დაუკარგავს სამსახური, მაგრამ მოუწია არასრულ შრომით საქმიანობაზე გადასვლა ან სამუშაო დროის ერთეულში ნაკლები ანაზღაურების მიღება.

მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (30.4%) ვერ ასახელებდა დროს, თუ როდის დაუბრუნდება მათი ოჯახის შემოსავალი კრიზისამდელ 2019 წლის დონეს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევდა, რომ ამისათვის ორი წელიც არ იქნება საკმარისი, ხოლო 17.4% თვლიდა, რომ 2019 წლის დონეს მათი ოჯახების შემოსავლები საერთოდ ვეღარ დაუბრუნდება. ამ მხრივ, ყველაზე ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი ბათუმელები (რესპოდენტთა 44% თვლიდა, რომ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ერთ წელზე ნაკლებ დროში დაუბრუნდება კრიზისამდელ მდგომარეობას; შედარებისათვის – საშუალოდ ქვეყნის მასშტაბით ასე ფიქრობდა მხოლოდ 19.4%). ყველაზე პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი ხაშურელები, სადაც ყველაზე მაღალია პესიმისტურად განწყობილი და გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩენილი რესპოდენტები.

გამოკითხვამ გამოავლინა კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება: რაც უფრო კარგია რესპოდენტის ჯანმრთელობა, მით უფრო ოპტიმისტურია მის მიერ საკუთარი (შინამეურნეობის) ეკონომიკური პერსპექტივების შეფასება. ასე მაგალითად, საკუთარი ჯანმრთელობის ხუთი ქულით შემფასებლებში (ხუთბალიანი სისტემით) იმის ვარაუდი, რომ კრიზისით გამოწვეული შინამეურნეობათა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა დაუბრუნდება კრიზისამდელ 2019 წლის დონეს, 4-ჯერ აღემატება საკუთარი ჯანმრთელობის სამი ქულით შემფასებლების ანალოგიურ პროგნოზს.

ცხრილი 4. კრიზისამდელ 2019 წლის დონეზე შინამეურნეობათა ეკონომიკური მდგომარეობისდაბრუნების მოლოდინის პერიოდი რესპოდენტთა ჯანმრთელობის თვითშეფასების დონის შესაბამისად (%)

 

დაუბრუნდება უახლოესი 6 თვის მანძილზე

არ დაუბრუნდება

საკუთარ ჯანმრთელობას ხუთბალიანი სისტემით აფასებს:

 

 

-         3 ქულით

11.1

29.1

-         5 ქულით

41.7

27.9

ამასთან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს კოვიდ-19-სგან მომავალ საფრთხეს, რესპონდენტების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აღნიშნული პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა თანაბრად ნეგატიური გავლენა მოახდინა – ყოველი ოთხი რესპონდენტიდან სამის, მიუხედავად მათი ასაკობრივი მდგომარეობისა, ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის გამო გაუარესდა. ამასთან, იმ პირთა ოჯახებში, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი ან ირიბი შეხება ინფიცირებულებთან, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით განცდილი ზარალი რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვისაც ამგვარი შეხება არ ჰქონიათ (შესაბამისად, 85% და 72.9%; საშუალოდ – 76.1%).

ინფექციონისტების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს გაცილებით მეტად იცავენ ის პირები, ვისაც ჰქონდა პირდაპირი ან ირიბი შეხება დაინფიცირებულებთან. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების მიერ რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელი თითქმის 1.5-ჯერ უფრო მაღალია იმ კონტიგენტის წარმომადგენლებთან შედარებით, ვისაც არ ჰქონია რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი შეხება კოვიდ-19-ით ინფიცირებულებთან(შესაბამისად, 60.9% და 41.6%).

აღნიშნული გამოკვლევა იძლევა საკმაოდ მყარ და ობიექტურ ინფორმაციას არა მარტო კოვიდ-19-ის გავრცელების, მოსახლეობის მიერ მისგან წამოსული საფრთხეების აღქმის ხარისხსა და რეაგირებაზე, არამედ მას საკმაოდ მაღალი გამოყენებითი ღირებულება გააჩნია ხელისუფლების ანტიპანდემიური და ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტის შესამუშავებლად და მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად.

დასკვნა

გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში პადემია მოსახლეობის მიერ არაერთგვაროვანად იქნა აღქმული. მოსახლეობის უმეტესობის მიერ პანდემიის საფრთხე სერიოზულად არ იქნა გაცნობიერებული და იგი მოკლევადიან მოვლენად მიიჩნია. გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულმა პრევენციული ღონისძიებების (ლოკდაუნი, კარანტინი და სხვ.), შედეგად ეკონომიკის სწრაფი ტემპით დაცემამ და შინამეურნეობათა მკვეთრად გაუარესებულმა ცხოვრების დონემ. აღნიშნულმა გარკვეული თვალსაზრისით ხელი შეუწყო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ და სხვა სახის დისკომფორტს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული მნიშვნელობით სტრესი განაპირობა. მკვეთრად შეიცვალა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და თვითმოვლითი ქცევა. პანდემიის საფრთხის შესახებ მოსახლეობის შეხედულებები განსხვავებული აღმოჩნდა დასახლებული პუნქტების მიხედვით. საფრთხის აღქმა პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა დიდი, საშუალო, საკურორტო და პატარა ქალაქების ინფიცირების დონესთან. კორონავირუსით დაინფიცირების რისკს მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ემოციურად აღიქვამდნენ და უფრო სერიოზულად მიიჩნევდნენ კორონა ვირუსის საფრთხეს. პირდაპირპროპორციული კავშირი აღმოჩნდა ინფექციონისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვის დონესა და კოვიდით ინფიცირების საფრთხის აღქმას შორის. კერძოდ, საფრთხის აღქმის დონე ბევრად განაპირობებდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებას. მოსახლეობაში პანიკას და შიშს კორონავირუსისადმი, სამწუხაროდ, ხელს უწყობდა მედიასაშუალებების დიდი ნაწილის საინფორმაციო პოლიტიკა.

საქართველო ღია სოციალურ-ეკონომკური სისტემის მქონე ქვეყანაა და როგორც ასეთი, მაღალ კორელაციაში იმყოფება როგორც გლობალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულსოციალურ-ეკონომიკურ პრეფერენციებთან, ისე აღნიშნული მდგომარეობიდან წარმომავალ გლობალურ საფრთხეებთან. ამის მკაფიო მაგალითია კოვიდ-19-ის გავრცელება საქართველოში, რომელმაც უკვე გადაიტანა აღნიშნული პანდემიის ორი ტალღა და ფაქტობრივად, მესამე ტალღის გამოწვევების წინაშე დგას.

აღინიშნა, რომ გავლილი ორი ტალღის ნეგატიური შედგები საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის ჯანდაცვაზე განსხვავებული ზემოქმედებისა და მასშტაბების იყო. კერძოდ, პირველი ტალღის დროს მთავარი დარტყმა მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ – ლოკდაუნმა და საკარანტინო რეჟიმმა ეკონომიკის მასშტაბები 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შეამცირა 16.6 პროცენტით, მაშინ როდესაც კოვიდით გამოწვეული მოკვდაობის მაჩვენებელი პანდემიის პირველი ექვსი თვის მანძილზე ორ ათეულს არ აღემატებოდა.

პანდემიის მეორე ტალღამ ნეგატიური შედეგებით პირველისაგან არსებითად განსხვავებული სურათი წარმოაჩინა: 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ეკონომიკის ყველაზე ღრმა ვარდნა არ აღემატებოდა 7.9 პროცენტს, რაც 2.1-ჯერ ნაკლებია 2020 წლის აპრილთან შედარებით, მაშინ როდესაც ამ პერიოდზე მოვიდა პანდემიის დაწყებიდან მთელს მომდევნო პერიოდში კოვიდინფიცირებათა საერთო რაოდენობის 78.4 პროცენტი და ლეტალური შემთხვევების 95.1 პროცენტი.

აღნიშნული ვითარება უნდა ჩაითვალოს იმის განმაპირობებელ ფაქტორად, რომ პირველად მრავალი ათეული წლის მანძილზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, საქართველოში დაფიქსირდა ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი. ამასთან, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვალებათა მთელი მატების თითქმის 2/3 კოვიდ-19-ით გარდაცვლილებზე მოდიოდა.

პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას და კეთილდღეობას. ქვეყნის მშპ 2020 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა 6.1 პროცენტით, მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის გამოკითხვამ საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ხაშური) 2020 წლის შემოდგომაზე დააფიქსირა ყოველი ოთხი გამოკითხულიდან სამის შემოსავლების დაცემა პანდემიის პირობებში. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არჩვაძე ი. (2020). კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ცვლილებები (პოლიტ-ეკონომიკური ასპექტი). თბილისი, „მწიგნობარი“. გვ. 43-52.
  2. არჩვაძე ი. (2020). სახელმწიფოს ფუნქციის ტრანსფორმაცია პოსტპანდემიურ პერიოდში.ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, №2 გვ. 63-67.
  3. გომელაური ნ. (2020). საქართველო მესამე ეპიდემიოლოგიური გადასვლის პერიოდში. საერთაშორისოსამეცნიეროკონფერენცია "თანამედროვეეკონომიკა, ეკონომიკურიმეცნიერებადაეკონომიკისპანდემიურიპრობლემები: გამოწვევებიდაგადაჭრისგზები".გვ. 172-177
  4. პაპავა ვ. (2020). კორონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი. ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი. №2 გვ. 13-16.
  5. სულაბერიძე ა. (2020). პანდემოლოგია – მეცნიერების უახლესი დარგი?! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომების კრებული „დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები“. გვ.135-150.
  6. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სოციოლოგიური გამოკვლევა „კორონა ვირუსის პანდემიის საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის შესახებ ინფორმირებისა და თვითმოვლით ქცევასთან დაკავშირებით“. 2020 წ. ოქტომბერი.
  7. Alwis A. de.“Coronomics–PlanYourEggsandtheBasket!” Daily FT, 2020, February 25, www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%93-Plan-your-eggs-and-the-basket-/4-695109
  8. Bedianashvili, G., Maglakelidze A. (2020). The Digital Economy and Business in a Pandemic Situation.Abstracts of the 15th International Academic Conference. Daugavpils. P.7
  9. PapavaV. (2020). Coronomic Crisis: When The Economy Is A Hostage To Medicine. Eurasia Review. Journal of Analysis and News,March 29.
  10. Sulaberidze A. (2021). On Formation and Development of Pandemology as an Interdisciplinary Branch of Science. . „ეკონომიკადაბიზნესი“, 1. გვ. 37-55
  11. Папава В. (2020). Новые вызовы экономической науки вусловиях пандемии COVID-19. . “ეკონომისტი” N4, გვ. 19-30.
  12. Сулаберидзе А. Арчвадзе И. Демографические аспекты пандемии и трансформация государственной функции в период постпандемии. Институт развития человеческого потенциалав условиях современных вызовов.Том I.Екатеринбург, Россия,cс. 246-251.